საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 54 წლის პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს შეიყვანეს, მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.
"პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდ უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 25 სექტემბერს გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.
დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში 9 318 ტესტი ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტი იმყოფება.